კრისტაპს პორზინგისმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკალათბურთო კარიერა შეაჩერა #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლატვიელმა კალათბურთელმა, კრისტაპს პორზინგისმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კალათბურთს დროებით ჩამოშორდება.
31 წლის კალათბურთელის თქმით, სეზონისთვის მზადების პროცესში მისი ორგანიზმი დატვირთვებს ისე ვერ გაუმკლავდა, როგორც თავად ელოდა. ამის გამო პორზინგისმა გადაწყვიტა, ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას დაუთმოს.
„ძალიან მსურდა, ეს სეზონი გუნდთან ერთად გამეტარებინა, მაგრამ დატვირთვების გაზრდის შემდეგ ჩემი ორგანიზმი ისე არ რეაგირებდა, როგორც ველოდი. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ვიცი, რა არის საჭირო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ და ამჟამად იმ მდგომარეობაში არ ვარ, როგორშიც საკუთარი თავის ხილვა მსურს. ამიტომ გადავწყვიტე, ჯანმრთელობა პრიორიტეტად ვაქციო და დროებით ჩამოვშორდე სპორტს, რომელიც მიყვარს.
მსურს, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო „გოლდენ სტეიტის“ მიმართ და კლუბთან ერთად ვიპოვო გამოსავალი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა პორზინგისმა.
ლატვიელ კალათბურთელს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის სექტემბრის ბოლოდან გუნდს ვერ ეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს პორზინგისი მოედანზე დაბრუნებას და გააგრძელებს თუ არა პროფესიულ კარიერას.
პორზინგისი 2024 წელს „ბოსტონ სელტიკსის“ შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი გახდა.