„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ საქართველოს პირველ არხზე
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ საქართველოს პირველ არხზე
სანაკრებო პაუზის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-18 ტურის მატჩები გაიმართება. ტური 14 ივნისს „რუსთავისა“ და „დილას“ დაპირისპირებით გაიხსნება, ხოლო საღამოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ბოლნისის „სიონს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
 
თემურ შალამბერიძის გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. „სიონს“ გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე, ვილი ისიანი და დავით თარგამაძე არ ეყოლება. სამივე მათგანი დისკვალიფიცირებულია. „საბურთალოს“ კი დისკვალიფიკაციამოხდილი სანდრო ალთუნაშვილი უბრუნდება, რომელმაც „ჩიხურასთან“ მატჩი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. გუნდები ერთმანეთს მეათედ ხვდებიან. წინა ცხრა შეხვედრიდან 6 შემთხვევაში საბურთალოელებმა იმარჯვეს, ერთხელ – ქვემოქართლელებმა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
15 ივნისს „ტორპედო“ წყალტუბოში საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს და რეალურად გამოჩნდება, ქუთაისელებმა მოახერხეს თუ არა კრიზისიდან გამოსვლა. განსაკუთრებულ ინტერესს თბილისის „ლოკომოტივისა“ და ამჟამინდელი ლიდერის, ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა იწვევს. თბილისელები ჩემპიონატის ლიდერს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ. თბილისური კლუბი სანაკრებო შესვენებაზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით გავიდა და საინტერესო იქნება, მოახერხებენ თუ არა ბათუმელების დამარცხებასაც.
16 ივნისს, თბილისის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ „დინამო არენაზე“ მიიღებს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
პარასკევი, 14 ივნისი
რუსთავი – დილა
19:30. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – სიონი
21:30. მიხეილ მესხი – თბილისი
შაბათი, 15 ივნისი
ტორპედო – ჩიხურა
18:00. 26 მაისი – წყალტუბო
ლოკომოტივი – დინამო ბთ
21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
კვირა, 16 ივნისი
დინამო თბ – ვიტ ჯორჯია
19:00. დინამო არენა – თბილისი