„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“ - „მერანი“ შეუჩერებელია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“ - „მერანი“ შეუჩერებელია

საქართველოს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა – თბილისის „მერანმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის მხრიდან ანგარიში გიორგი ნიქაბაძემ გახსნა.

მალევე სტუმრებმა გიორგი კურმაშვილის გოლით გაათანაბრეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. ქობულეთელების რისხვა ამ შეხვედრაში გიორგი გოგოლაშვილი აღმოჩნდა. მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.  მატჩის კომპენსირებულ დროში მეხუთე გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

გივი ჩოხელის სტადიონზე „თელავმა“ „ცხინვალს“ უმასპინძლა და ალექსანდრე კოშკაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

„ხვამლი არენაზე“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა „გაგრა“, რომლის მეტოქეც ერთ-ერთი აუტსაიდერი „ზუგდიდი“ იყო. სტუმართა მხრიდან თავი ლუკა გუგუჩიამ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანი ქულებისთვის ფოთში ორი აუტსაიდერი „კოლხეთი“ და „გურია“ იბრძოლებს. ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის.

ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართება, სადაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „შევარდენი“ ჩავა.

თბილისურ გუნდს მიმდინარე წელს საწყისი ტურის შემდეგ არ წაუგია. ურთიერთ შეხვედრებში სამტრედიას უარყოფითი ბალანსი აქვს. ორი მატჩიდან კახა კაჭარავას გუნდმა „იუნკერებთან“ ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო მეორეში დამარცხდა და ხვალ რევანშის აღებას შეეცდება.

შეხვედრა მნიშვნელოვანი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეც იქნება. თბილისელები ლიგა 2-ში 39 ქულით მეორე ადგილზე არიან, სამტრედიელები კი მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან.