„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ლიდერთა სამეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ლიდერთა სამეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ლიდერთა შეხვედრაში „სამტრედიამ“ „თელავი“ არასაფეხბურთო ანგარიშით, 6:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან მცველმა, გიორგი ახალაძემ (19, პენალტი, 47) თავი დუბლით გამოიჩინა, 1-1 გაიტანეს გოგიტა გოგუამ (31), ვარლამ კილასონიამ (65), ავთო ენდელაძემ (83) და გურამ სამუშიამ (84), ხოლო “თელავიდან” – ალექსანდრე კოშკაძემ (82) და იაროსლავ კვასოვმა (85). აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მოედანიდან ორივე გუნდის მოთამაშე გააძევა – ჯერ სტუმართა მეკარე ბოგდან ბეზკროვნი (18), ხოლო შემდეგ სამტერდიელთა მცველი ვარლამ კილასონია (90).

„გაგრამ“ ლანჩხუთის „გურია“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში ლანჩხუთელთა მოთამაშის, თორნიკე კიკნაძის (38) ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო შემდეგ სტუმართა კარი ჯაბა კასრელიშვილმა (57) და ლევან ბარაბაძემ (80) აიღეს.

სპაერის სტადიონზე თბილისის „მერანმა“ „ზუგდიდს“ 1:0 იაგო დეისაძის (40) ზუსტი დარტყმით სძლია. ფოთში კი „კოლხეთმა“ „შევარდენი 1906“-ს მნიშნელოვანი ქულა წაართვა – 0:0. ქობულეთის „შუქურამ“ „ცხინვალი“ მიიღო და გიორგი ჭანუყვაძისა (11) და გიორგი კურმაშვილის (90+2) გოლებით 2:0 გაიმარჯვა.

გათამაშებას 32 ქულით „მერანი“ ლიდერობს, მეორეზე „შევარდენია“ (24), მეტოქეთა მარცხით კი ყველაზე უკეთ „შუქურამ“ (23) ისარგებლა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.