კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალის გამოტოვება ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალის გამოტოვება ემუქრება

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე მატჩი გამოტოვოს. როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo) წერს, 34 წლის პორტუგალიელს უეფა-სგან დისკვალიფიკაცია ემუქრება უხამსი ჟესტის გამო, რომელიც „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მერვედფინალში აჩვენა.

მადრიდული კლუბი აპირებს, უეფა-ში იჩივლოს იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუმ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა სტუმრების სექტორს. პორტუგალიელს ასევე ფულადი ჯარიმა ელოდება.

კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩში მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ჟესტი გაიმეორა. პირველი მატჩის დროს გოლის აღნიშვნისას არგენტინელმა სპეციალისტმა საზარდულის არეში მოიკიდა ხელი და ტრიბუნებისკენ შეტრიალდა. ამის გამო, სიმეონე 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს.