კრიშტიანო რონალდომ პორტუგალია ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
გამოვლინდა 2024-25 წლების ერთა ლიგის პირველი ფინალისტი. მიუნხენში პორტუგალიის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა გერმანია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პორტუგალიის მეტოქე 5 ივნისს საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩში გაირკვევა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 48-ე წუთზე ფლორიან ვირტცმა თავით გაიტანა იოზუა კიმიხის საჯარიმოში ბურთის დაკიდების შემდეგ.
გერმანია 63-ე წუთამდე იგებდა, სანამ შეცვლაზე შესულმა სერჟიო კონსეისაომ ულამაზესი დარტყმით არ გაათანაბრა ანგარიში.
გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე 40 წლის კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. მან დროულად დაუხვედრა ფეხი ნუნუ მენდეშის კარის გასწვრივ პასს. რონალდომ კარიერაში 937-ე გოლი გაიტანა, ნაკრებში კი 137-ე გოლი.