კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსში“ პირველი საჯარიმო გაიტანა და ბოლო 60 წელში ტურინული კლუბის პირველი ფეხბურთელია, ვინც სეზონში 25 გოლი გაიტანა
კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსში“ პირველი საჯარიმო გაიტანა და ბოლო 60 წელში ტურინული კლუბის პირველი ფეხბურთელია, ვინც სეზონში 25 გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში გამართულ ტურინულ დერბიში „იუვენტუსმა“ „ტორინო“ 4:1 გაანადგურა. ოთხიდან ერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი პორტუგალიელისთვის.

რონალდომ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს მისთვის „იუვენტუსში“ საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლი იყო – ამისთვის, კრიშტიანოს 41 ცდა დასჭირდა.

გარდა ამისა, პორტუგალიელი „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია ბოლო 59 (!) წლის განმავლობაში, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში 25 გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი შედეგიანობა ლეგენდარულ ომარ სივორის ჰქონდა 1961 წელს.

რონალდო ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება – ის „იუვენტუსის“ ბოლო 16 მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან შედეგიანი პასით ტოვებდა მოედანს. ამ სერიისას კრიშტიანომ 20 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა. კარგად მოქმედებს მისი დუეტი პაულო დიბალასთან – პორტუგალიელი და არგენტინელი ზედიზედ ოთხი მატჩია, წყვილად ახერხებენ გოლის გატანას.

„ტორინოს“ დამარცხების შემდეგ, „იუვენტუსმა“ შვიდ ქულამდე გაზარდა უპირატესობა „ლაციოსთან“, რომელმაც 30-ე ტურში შინ 0:3 წააგო „მილანთან“.