კრიშტიანო რონალდო მზად არის „ატლეტიკოში“ გადასასვლელად - მადრიდული კლუბი ამ ტრანსფერისთვის გრიზმანის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მზად არის „ატლეტიკოში“ გადასასვლელად - მადრიდული კლუბი ამ ტრანსფერისთვის გრიზმანის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მზად არის „ატლეტიკოში“ გადასასვლელად. პორტუგალიელი ენთუზიაზმით უყურებს მადრიდში დაბრუნების იდეას. გარდა იმისა, რომ „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე. ამტკიცებენ, რომ 37 წლის ფეხბურთელი მოხიბლულია არგენტინელი სპეციალისტის მისწრაფებით, ითანამშრომლოს ვარსკვლავურ ვეტერანთან.

პორტუგალიელის დიდი სურვილის მიუხედავად, „ატლეტიკოს“ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. მადრიდული კლუბი მზად არის შეწყვიტოს თანამშრომლობა ფორვარდ ანტუან გრიზმანთან. გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, „ატლეტიკო“ ამ გზით ეცდება სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ კრიშტიანო რონალდოს შეძენას.

როგორც ირკვევა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდს შესთავაზეს, მათ შორის, „პარი სენ-ჟერმენს“, მაგრამ პარიზელებმა გრიზმანზე უარი განაცხადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გრიზმანი „ატლეტიკოში“ იჯარით იმყოფება, მასზე უფლებები კი „ბარსელონას“ გააჩნია. კატალონელებთან ხელშეკრულება ითვალისწინებს 31 წლის ფეხბურთელის აუცილებელ გამოსყიდვას მატჩების გარკვეული რაოდენობის ჩატარების შემთხვევაში.

ასევე მომავალ ტრანსფერს ერთი სერიოზული წინაღობა აქვს – გარიგების მიმართ „ატლეტიკოს“ ფანების დამოკიდებულება. მათთვის მიუღებელია გუნდში ისეთი ფეხბურთელის მისვლა, რომელიც წლების განმავლობაში „რეალის“ ლიდერი იყო.