კრიშტიანო რონალდო იანვარში შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდეს - ერიკ თენ ჰაგი პორტუგალიელს ხელს არ შეუშლის #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო იანვარში შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდეს - ერიკ თენ ჰაგი პორტუგალიელს ხელს არ შეუშლის #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ბრიტანული გაზეთი The Telegraph წერს, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი არ შეეწინააღმდეგება პორტუგალიელის წასვლას.

როცა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „იუნაიტედი“ ჩაიბარა, მას სურდა შემადგენლობაში პორტუგალიელის შენარჩუნება, მაგრამ, ახლა, უფრო მშვიდად უყურებს მის სავარაუდო წასვლას. თენ ჰაგი ყოველთვის სიფრთხილეს იჩენდა, როცა ჟურნალისტებთან რონალდოს თემა წამოიჭრებოდა, მაგრამ ამჯერად, მანჩესტერელთა დამრიგებელი მზად არის გაუშვას 37 წლის ფეხბურთელი, თუ კლუბისთვის მისაღები წინადადება გაჩნდება.

თავად კრიშტიანო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მეტ სათამაშო დროს მიიღებს და ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვა, რაც გაზრდის მის შანსებს იმაზე, რომ იანვარში გადავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბში.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე კრიშტიანო რონალდო მთელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა მანჩესტერულ დერბიში, რომელიც „იუნაიტედმა“ 3:6 წააგო.