კრის სმოლინგს იმედი აქვს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
კრის სმოლინგს იმედი აქვს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

„რომას“ მცველი კრის სმოლინგი იმედს არ კარგავს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში თავის კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საუთგეიტის გუნდში 2017 წლის შემდეგ ერთხელაც არ უთამაშია.

30 წლის სმოლინგი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იტალიურ გუნდში იჯარით გაუშვა, თვლის, რომ ახლა უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე მანჩესტერში თამაშისას იყო. გარდა ამისა, მცველი აცხადებს, რომ მისი ოჯახი რომში თავს კარგად გრძნობს და რომ ის მომავალ სეზონშიც ამ გუნდში აპირებს დარჩენას.

„უკვე ორი წელი გავიდა, რაც ბოლოს ვითამაშე ნაკრებში, მაგრამ ჩემი ამბიცია არსად წასულა“, – უთხრა სმოლინგმა ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას (BBC). – „ვიცი, რომ გარეთ საუთგეიტი და ნაკრების სხვა მწვრთნელები ჩემს თამაშებზე ხშირად არ დადიან, მაგრამ, როდესაც ასეთი ტოპ გუნდში თამაშობ, ნაკრების ყურადღების ცენტრში ნებისმიერ შემთხვევაში იქნები. იმედს არ ვკარგავ და ვცდილობ, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშაო. რაც მოხდება, იმას შევეგუები, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა“.

სმოლინგს ინგლისის ნაკრებში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და იმისათვის, რომ ამჯერადაც მოხვდეს გუნდში, ისეთი ფეხბურთებთან მოუწევს კონკურირება, როგორებიც არიან ჰარი მაგუაიერი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო გომესი (ლივერპული), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), მაიკლ კინი (ევერტონი) და ფიკაიო ტომორი (ჩელსი).