კრის სატონი - მაურიციო სარის კარიერა ჩელსიში დასრულებულია
კრის სატონი - მაურიციო სარის კარიერა ჩელსიში დასრულებულია

ლონდონის ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი კრის სატონი აცხადებს, რომ ასოციაციის თასზე მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხების შემდეგ, მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გუნდში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. მატჩის დროს, რომელიც მანჩესტერელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს, ჩელსის გულშემატკივრები სარის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უკმაყოფილო შეძახილებით ხვდებოდნენ, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებთან ერთად სკანდირებდნენ სიტყვებს: „დილით შენ მოგხსნიან“.

„ეს მაურიციო სარის ბოლო თამაშია ჩელსიში. იტალიელის კარიერა ამ გუნდში დასრულებულია“, – განაცხადა სატონმა „ბიბისი რადიო 5“-ის (BBC Radio 5) ეთერში, – „მას ბევრი მიზეზის გამო გაათავისუფლებენ. მათ შორის იმის გამო, რომ მოთამაშეების მოტივირება არ შეუძლია და ცვლილებებთან ადაპტირებას ვერ ახდენს“.

რაც შეეხება ზემოხსენებულ მატჩს, მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ გოლები ანდერ ერერამ და პოლ პოგბამ გაიტანეს.

ასოციაციის თასის მეოთხედფინალში იუნაიტედი ვულვერჰემპტონს შეხვდება, ჩელსის კი მომდევნო თამაში ევროპა ლიგაზე ელის, სადაც შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება.