„კრემონეზეს“ მწვრთნელმა ლოჩოშვილის „ფიორენტინასთან“ თამაში გამორიცხა, მაგრამ ლუკა გუნდს თამაშზე გაჰყვა #1TVSPORT
„კრემონეზეს“ მწვრთნელმა ლოჩოშვილის „ფიორენტინასთან“ თამაში გამორიცხა, მაგრამ ლუკა გუნდს თამაშზე გაჰყვა #1TVSPORT

სერია A-ს ახალი სეზონის პირველი მატჩები უკვე გაიმართა. დღეს გათამაშებაში ჩაერთვება „კრემონეზე“, სადაც ერთ კვირის წინ ლუკა ლოჩოშვილი ჩაირიცხა. 24 წლის ქართველი მცველის მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ პრესკონფერენციაზე „ფიორენტინასთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და კომენტარი ლოჩოშვილის შესახებაც გააკეთა.

„ვინ ითამაშებს და ვინ არა, ხვალ ნახავთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, ვინ არ იქნება. ვალერი და კასტანეტი არ იქნებიან, პირველმა იტალიის თასზე „ტერნანასთან“ მატჩი ითამაშა და დაღლილობის გამო არ იქნება, მეორე კი ნეკნის პრობლემის გამო, რადგან კარგად არ სუნთქავს. რაც შეეხება ლოჩოშვილს, არც ის იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემადგენლობაში ახალწვეულებისთვის ადგილი იქნება“, – განაცხადა მასიმილიანო ალვინიმ.

თუმცა, კლუბის ოფიციალურ გვერდზე ამ პრესკონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც დასახელებულები არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც მასიმილიანო ალვინიმ „ფიორენტინა“-„კრემონეზეს“ მატჩის 27-კაციან განაცხადში შეიყვანა – მოთამაშეთა სიაშია ლუკა ლოჩოშვილიც მოხვდა. ცნობილია, რომ ქართველის ტრანსფერის ბოლო იურიდიული საკითხები გვარდებოდა და შესაძლოა, ეს მოხერხდა.

კრემონეზეს“ მწვრთნელს „ფიორენტინასთან“ ქართველი მცველის არყოფნის მიზეზებზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი იტალიურ კლუბს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ ოფიციალურად 10 აგვისტოს შეუერთდა. „კრემონეზემ“ 1,6 მილიონი ევრო გადაიხადა ლუკას ტრანსფერში, რომელიც გუნდში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სერია A-ს ახალი სეზონის მატჩი „ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ შორის დღეს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.