„კრემონეზეს“ 19-წლამდელების ქართველი კაპიტანი - მინდა, ჯერ მთავარ გუნდში ვითამაშო, შემდეგ კი - „ლივერპულში“ #1TVSPORT
„კრემონეზეს“ 19-წლამდელების ქართველი კაპიტანი - მინდა, ჯერ მთავარ გუნდში ვითამაშო, შემდეგ კი - „ლივერპულში“ #1TVSPORT

დაჩი ლორთქიფანიძეს, რომელიც „კრემონეზეს“ 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანია, კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

„თბილისიდან კრემონამდე გულში დიდი ოცნებებით მოდიოდა. 2005 წლის 8 მარტს საქართველოს დედაქალაქში დაბადებული დაჩი ლორთქიფანიძე იმ საოცარი „კრემონა პრიმავერას“ ნახევარმცველია, რომელმაც 2023/24 წლების ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა. იტალიაში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ცხრა წლის ასაკში მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, დაჩიც უფროსი ძმის, დავითის (რომელიც მაშინ „ბრეშიას“ ასაკობრივ გუნდში გადავიდა) გზით წასულიყო, ხოლო 2019 წელს „კრემონეზეს“ 15-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. 17-წლამდელთა გუნდში ბელინგერის ხელმძღვანელობით ისე გაიზარდა, რომ მეორე სეზონში ლორთქიფანიძემ პრიმავერაში კაპიტნის სამკლაური მიიღო და დებიუტი ჰქონდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც მალე საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად შეუერთდება“, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ინტერვიუში დაჩი ლორთქიფანიძე საუბრობს საკუთარ კარიერაზე, „კრემონეზესკაპიტნობასა და ოცნებაზე.

„მრავალი წელია, კრემონაში ვარ, აქ გავიზარდე და ჩემთვის „კრემონეზეში“ თამაში დიდი პატივია. გამიმართლა, რომ აქ თამაშობს ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია. იტალიაში საქართველოს კარგად წარმოაჩენს კვარაცხელია, რომელიც სერია A-ს ბოლო სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჩემთვის აქ ყოფნა კი ძალიან მნიშვნელოვანია.

პატარაობაში უფროსი ძმის, დათოს მატჩების საყურებლად დავდიოდი და ვარჯიში მისი მიბაძვით დავიწყე. 13 წლის იყო, დათო „ფიორენტინას“ აკადემიაში გასასინჯვაზე რომ მიიწვიეს, შემდეგ „ბრეშიაში“ წავიდა, სადაც ორივე დაგვტოვეს. მე შემდეგ „კრემონეზეში“ ჩამოვედი.

ჩემთვის 19-წლამდელების გუნდის კაპიტნობა დიდი პატივია. სამკლაური 17-წლამდელთა გუნდში გადმომცეს. ხოლო შარშან პრიმავერაში კარგი გამოცდილება მივიღე. სეზონი კარგად დავიწყეთ, მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ და იმედია, კაპიტნის სამკლაურით ჩემპიონობას მოვიგებ. ამას გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩავატარე. ორი მატჩიდან ერთი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ეს იყო ძალიან საინტერესო, რადგან შენი ქვეყნისთვის თამაში იგივე არაა, რაც კლუბში გამოსვლა, სადაც თანაგუნდელებს ყოველდღიურად ხვდები.

ჩემი ოცნება? პირველი მთავარ გუნდში სადებიუტო თამაშია – ამაზე ბევრს ვმუშაობ და სწორედ ეს იქნება ჩემი ოცნების ასრულება. სამომავლოდ კი მინდა ინგლისში, „ლივერპულში“ თამაში, რადგან ეს ჩემი საყვარელი გუნდია“, – ამბობს დაჩი ლორთქიფანიძე.