„კრემონეზე“ სერია A-ს გამარჯვებით დაემშვიდობა, ლოჩოშვილი ბოლო ტურში დაასვენეს #1TVSPORT
„კრემონეზემ“ იტალიის ჩემპიონატში ბოლო ტურის შეხვედრა „სალერნიტანასთან“ 2:0 მოიგო და სერია A გამარჯვებულის რანგში დატოვა.
38-ე ტურის შეხვედრა კრემონელებმა საკუთარ მოედანზე ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის გარეშე გამართეს. მიზეზი ისაა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.
„კრემონეზე“ პირველივე ტაიმში დაწინაურდა. „სალერნიტანას“ კარში 26-ე წუთზე დანიშნული პენალტი კრისტიან ბუონაიუტომ გამოიყენა. 88-ე წუთზე ეფექტური დარტყმით მასპინძელთა უპირატესობა ფრენკ ცაჯუტიმ გაზარდა.
„კრემონეზემ“ იტალიის ჩემპიონატი 27 ქულით მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში სერია B-ში ითამაშებს. რაც შეეხება ლოჩოშვილს, 24 წლის მცველი საქართველოში დაბრუნდება და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ნაკრებთან ერთად მოემზადება.