კრემლის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დაძაბულობის მოხსნას ხელს შეუწყობს რუსული პროდუქტების მიწოდების ზრდა, რაც მოითხოვს სანქციების მოხსნას
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დაძაბულობის მოხსნას ხელს შეუწყობს რუსული პროდუქტების მიწოდების ზრდა, რაც მოითხოვს სანქციების მოხსნას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ყურადღება გამახვილდა კიევთან მოლაპარაკებების საკითხზე. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით რუსული მხარის ღიაობა დაადასტურა.

ამავე ინფორმაციით, გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და მხარეები ამ კუთხით ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკების შესახებ გააფრთხილა.

კრემლის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ვითარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროშიც. ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა სურსათის მიწოდების სირთულეების რეალურ მიზეზებად დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და მცდარი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის გატარება დაასახელა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა მარცვლეულის შეუფერხებლად ექსპორტისთვის სხვადასხვა ვარიანტების მოძიების მიმართულებით, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტების საშუალებით გატანასთან დაკავშირებითაც.

„მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დაძაბულობის მოხსნას ხელს შეუწყობს რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ზრდაც, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს შესაბამისი სანქციების მოხსნას“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.