კრემლი ავრცელებს ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან
კრემლი ავრცელებს ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ეპოქაში შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მხარეები არიან ერთსულოვანი იმის გაგებაში, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“, – ნათქვამია კრემლის ტექსტში.

დოკუმენტის ძირითად დებულებებს შორის არის განცხადებები იმაზე, რომ მოსკოვი და პეკინი: აპირებენ დაუპირისპირდნენ სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში გარე ჩარევას, შეეწინააღმდეგონ მსოფლიო უსაფრთხოების შელახვას და „ფერად რევოლუციებს“; მიზნად ისახავენ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ გაძლიერებას და მისი როლის გამყარებას მდგრადი უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებული პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში; მოუწოდებენ ბირთვულ სახელმწიფოებს, გადადგან ზომები ბირთვული ომების რისკების შესამცირებლად; სურთ, გაააქტიურონ მუშაობა „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ განვითარების გეგმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის დაკავშირებაზე „ევრაზიულ კავშირსა“ და ჩინეთს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით; გეგმავენ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას არქტიკის მდგრადი განვითარების სფეროში; აპირებენ მუშაობას „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“, როგორც რეგიონული არქიტექტურის ძირითადი ელემენტის როლის გასაძლიერებლად; მხარს უჭერენ ინტერნეტის კონტროლის თანაბარ უფლებებს და მიუღებლად მიიჩნევენ ეროვნული სეგმენტების რეგულირების უფლების შეზღუდვის მცდელობებს; აპირებენ, მტკიცედ დაიცვან მეორე მსოფლიო ომის შედეგების ხელშეუხებლობა და ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგი, დაიცვან გაერო-ს ავტორიტეტი და სამართლიანობა საერთაშორისო ურთიერთობებში და წინ აღუდგნენ ისტორიის უარყოფის, დამახინჯების და გაყალბების მცდელობებს.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია და არ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოების მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისგან იზოლირებულად და სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე.

„ცალკეული სახელმწიფოები, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები ან კოალიციები მიზნად ისახავენ პირდაპირი ან ირიბად ცალმხრივი სამხედრო უპირატესობების მოპოვებას სხვათა უსაფრთხოების საზიანოდ, მათ შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით გააძლიერონ გეოპოლიტიკური მეტოქეობა, გააძლიერონ ანტაგონიზმი და დაპირისპირება, მნიშვნელოვნად ძირს უთხრიან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს და გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას“, – ნათქვამია ტექსტში.

ამასთან დაკავშირებით მხარეები: ეწინააღმდეგებიან ნატო-ს შემდგომ გაფართოებას; მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას „ცივი ომის“ ეპოქის იდეოლოგიურ მიდგომებზე; ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ჩამოყალიბებას.

„რუსეთი და ჩინეთი ატარებენ თანმიმდევრულ ძალისხმევას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ინტერესებში, რომელიც არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში ნათქვამია, რომ ჩინეთი გაგებით ეპყრობა და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გრძელვადიანი იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ფორმირების თაობაზე.

დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა პეკინში, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შეხვედრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა.