„კრეიტონს“ თამაში პირადად მოაგებინა - ამერიკული მედია ანდრონიკაშვილზე წერს და მის მომენტს იხსენებს [ვიდეო] #1TVSPORT
„კრეიტონს“ თამაში პირადად მოაგებინა - ამერიკული მედია ანდრონიკაშვილზე წერს და მის მომენტს იხსენებს [ვიდეო] #1TVSPORT

რატი ანდრონიკაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოსა და ევრობასკეტისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რატი, დიდი ალბათობით, თავის გუნდში „კრეიტონში“ დაბრუნდება, სადაც ახალი და ამჯერად სრულფასოვანი სეზონისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის გამთამაშებელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და 2020/21 წლების სეზონი მთლიანად გამოტოვა, მაგრამ დაბრუნდა და დღეს ის შესანიშნავ ფორმაშია, რაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც დაამტკიცა.

ამერიკული გამოცემა anonymouseagle ახალი სეზონის დაწყებამდე „კრეიტონის“ მოთამაშეებს განიხილავს და რა თქმა უნდა, ანდრონიკაშვილზეც წერს.

„რატი ანდრონიკაშვილის პირველი სეზონი კარგი იყო. „კრეიტონის“ ამ საუკუნის საუკეთესო ახალწვეულმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 2020/21 წლების სეზონი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დაბრუნდა, საშუალოდ მატჩში 13 წუთი ითამაშა და 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს რაღაცას ნიშნავს. მისი სტატისტიკური მაჩვენებლების ხსენება არ ღირს, მაგრამ „გოლდენ იგლსსთან“ შეხვედრაში, როცა მეტოქეს ბურთის ჩაგდება სჭირდებოდა, დერილ მორსელის ჩაკეტვით „კრეიტონს“ თამაში პირადად მოაგებინა.“

 

ანდრონიკაშვილი დაცვაში აქტიურობით რომ გამოირჩევა ეს მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, ესპანეთის წინააღმდეგაც დაამტკიცა, სადაც 21 წლის კალათბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. რატი დაცვაშიც და შეტევაშიც გამოირჩეოდა – მან 17 ქულის, 2 მოხსნისა და 1 პასის გარდა, 2 ჩაჭრაც დააგროვა.