კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა ჯგუფის მიერ საქსონიის პრემიერზე სავარაუდო თავდასხმის მზადების გამოძიების ფარგლებში, დრეზდენში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა
კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა ჯგუფის მიერ საქსონიის პრემიერზე სავარაუდო თავდასხმის მზადების გამოძიების ფარგლებში, დრეზდენში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა

საქსონიის პრემიერზე სავარაუდო თავდასხმის მზადების გამოძიების ფარგლებში, დრეზდენში სამართალდამცველებმა რამდენიმე მისამართზე ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რეიდი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეების მისამართებზე ჩატარდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პოლიციას ჰქონდა მიზეზი, ევარაუდა, რომ ეჭვმიტანილები ძალადობრივი აქტების განსახორციელებლად ემზადებოდნენ.

რეიდის ფარგლებში ეჭვმიტანილების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქსონიის პრემიერ მიხაელ კრეტშმერსა და ადგილობრივი მთავრობის სხვა წევრებზე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია ZDF-ის საგამოძიებო გადაცემა „ფრონტალში“ გაჟღერდა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ 103 წევრისგან შემდგარი ჯგუფი ვაქცინაციასა და პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა. ამავე შეტყობინებებში ფიქსირდება მოწოდებები ზომების მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზეც.

ფაქტზე გამოძიება ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღესვე დაიწყო.

საქსონიის პრემიერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საშობაო ბაზრობები აკრძალა და არავაქცინებული პირებისთვის შეზღუდვები დააწესა.