კოუტინიოს მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია - კლუბიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება
კოუტინიოს მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია - კლუბიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება

ფილიპე კოუტინიოს აგენტი კია ჯურაბჩიანი აცხადებს, რომ „ბარსელონას“ მხრიდან ფეხბურთელთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ ინფორმაციას იღებს. მისი თქმით, პირად საუბრებში კატალონიელები ბრაზილიელის გაყიდვას წელს გამორიცხავენ, თუმცა მის ყურამდე ასევე მივიდა ინფორმაცია, რომ კოუტინიო უკვე რამდენიმე კლუბს შესთავაზეს.

„საკმაოდ შერეულ ინფორმაციას ვიღებთ“, – ამბობს ჯურაბჩიანი, – „გასულ კვირას პირადად ხოსეპ ბარტომეუს შევხვდით და მან კატეგორიულად გამორიცხა კოუტინიოს გაყიდვა. თუმცა, არის ერთი ადამიანი, ანდრე კიური, რომელიც მათთან მუშაობს და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ბიჭი უკვე რამდენიმე კლუბს შესთავაზეს“.

კოუტინიო „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 2018 წელს გადავიდა და მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო მიიღეს. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელმა კატალონიელთა შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გასული სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაწბილებად იქცა.