კოუტინიო „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ლივერპულის“ მიმართ პატივისცემის ნიშნად არ გადავა
კოუტინიო „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ლივერპულის“ მიმართ პატივისცემის ნიშნად არ გადავა

ფილიპე კოუტინიო მიმდინარე ზაფხულს „ბარსელონადან“ აუცილებლად წავა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავა და ამის მიზეზად ყოფილი კლუბის, „ლივერპულის“ მიმართ პატივისცემას ასახელებს, იტყობინება სკაი სპორტსი.

კატალონიელებმა მერსისაიდელებს გასულ წელს ბრაზილიელის სანაცვლოდ თითქმის 150 მილიონი ევრო გადაუხადეს, თუმცა ძალიან წარუმატებელი სეზონის გამო, ფეხბურთელის ფასი ახლა საგრძნობლად არის დავარდნილი.

27 წლის კოუტინიომ გასულ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით 54 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში, ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა და გულშემატკივრების მხრიდან საკმაოდ მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული.

გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს ასევე „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს.

ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკაში“ მონაწილეობს. გახსნით მატჩში ბოლივიის ნაკრებს მან ორი გოლი გაუტანა.