კოულ პალმერი ლონდონის „ჩელსის“ ტრავმის გამო სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, კოულ პალმერი ტრავმირებულია და უახლოეს შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ განცხადება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ გააკეთა.
მისი თქმით, პალმერს საზარდული აწუხებს, კლუბმა კი გადაწყვიტა, რომ არ გარისკოს და შესაძლო გართულებები თავიდან აირიდოს.
„სანაკრებო პაუზამდე კოული დაისვენებს. ექიმები ყურადღებით დააკვირდებიან მის მდგომარეობას და ყველაფერს გააკეთებენ, რათა სანაკრებო მატჩების შემდეგ ის სრულ მზადყოფნაში იყოს. ვფიქრობ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება“, – აღნიშნა მარესკამ.
სანაკრებო შესვენებამდე „ჩელსის“ წინ სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს – პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ და „ლივერპულთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – „ბენფიკასთან“. ყველა მატჩი ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პალმერი მოედანზე, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში ვერ გავა.
მიმდინარე სეზონში ინგლისელი ფეხბურთელის ანგარიშზე ორი გატანილი გოლია. „ოქროს ბურთის“ 2025 წლის დაჯილდოებაზე ის მერვე ადგილზე გავიდა.