კოტე მახარაძის სახელობის თასი უკრაინის მედია ნაკრებმა მოიგო [ფოტო]
კოტე მახარაძის სახელობის თასი უკრაინის მედია ნაკრებმა მოიგო [ფოტო]

უკრაინის ნაკრები თბილისში დასრულებული საერთაშორისო საფეხბურთო მედია-ტურნირის გამარჯვებულია.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის ექვსი ქვეყნის მედია ნაკრები იბრძოდა. საქართველოსა და უკრაინის გარდა, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მედია ნაკრებები მონაწილეობდნენ.

წინა ტურნირის გამარჯვებულმა საქართველოს ნაკრებს ძირითად დროში ერთი მატჩიც არ წაუგია. მაგრამ აზერბაიჯანთან ფრედ ითამაშა და ტურნირის რეგლამენტით დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც სტუმრებმა იმარჯვეს და ქართული მედიის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა – ნაკრებში პირველ არხის ოთხი წარმომადგენელი თამაშობდა. ერთ-ერთი მათგანი, გეგი კიკაბიძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. საუკეთესო მოთამაშედ უკრაინელი რუსლავ მიხაილევსკი აღიარეს.

„წინა ტურნირი ოდესაში გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ თბილისური ტურნირისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და უკრაინაში მთავარი პრიზით ვბრუნდებით. კიდევ უფრო საპატიო ისაა, რომ ეს პრიზი კოტე მახარაძის სახელობისაა, რომელიც უკრაინაში დღემდე უყვართ. აღსანიშნავია ძალიან კარგი ორგანიზაცია და მეგობრული გარემო. მადლობა ქართულ მხარეს, რომელმაც საერთაშორისო საფეხბურთო მედია-ტურნირს პირველად უმასპინძლა და ეს მაღალ დონეზე მოახერხა“, – ამბობს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე რუსლავ მიხაილევსკი.