კოტე კემულარია - პოლიტიკური პატიმრები იმისთვის არიან, რომ რუსეთს მოძალადეების დაჭერა უპატაკონ
კოტე კემულარია - პოლიტიკური პატიმრები იმისთვის არიან, რომ რუსეთს მოძალადეების დაჭერა უპატაკონ

პოლიტიკური პატიმრები იმისთვის არიან, რომ რუსეთს მოძალადეების დაჭერა უპატაკონ, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა კოტე კემულარიამ.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმარია პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.

„ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის ტყვეა. მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობდა, ასევე პოლიტიკური პატიმარი და ტყვეა. ბეჟან ლორთქიფანიძე – საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, და 19 ახალგაზრდა, რომელიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს, პოლიტიკური პატიმრები და გმირები არიან. ისინი სამშობლოსთვის და დეოკუპაციისთვის იბრძოდნენ. ისინი, ვინც ოკუპანტებთან მეგობრობდნენ, დღეს გმირებად გამოგყავთ, ეს ბიჭები კი, რომლებიც საქართველოს იცავენ, თურმე მოძალადეები და რადიკალები არიან. ნიკა მელია, რომელიც სახლში გამოკეტეს და პოლიტიკურ პროცესებს ძალადობრივად ჩამოაშორეს, ასევე პოლიტპატიმარია“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კემულარიამ ისაუბრა დარღვევებზე, რომელიც, მათი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეშია.

„არანაირი მტკიცებულება არ არის. ამას ჰქვია ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი განცხადებების გამოა დაჭერილი. პოლიტიკური პატიმრები დაჭერილები არიან იმიტომ, რომ რუსეთს უპატაკონ, რომ მოძალადეები დაიჭირეს და რამე კი არ იყო ანტირუსული ან ანტისაოკუპაციო, არამედ ესენი ძალადობდნენ. პარლამენტში უნდა შეჭრილიყვნენ და ეს ლამაზი ხელისუფლება უნდა დაემხოთ.

როგორც ბოლო-ბოლო მიცვალებულს ასვენებენ, ისე ნებისმიერი მთავრობა მთავრდება. ერთ დღეს, ყველა მთავრობა პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის. თქვენც წახვალთ. მთავარია, როგორ წახვალთ – როგორც თვალების დამთხრელები, როგორც რუსთაველზე სისხლის დამქცევები, როგორც 36 ჟურნალისტის დამსახიჩრებლები, თუ წახვალთ, როგორც ჩვეულებრივი მთავრობა, რომელიც ბოლოს მაინც მოეგო გონს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლა“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.