კოსოვოში საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკა და ქვები ისროლეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

00:46, 06.10.2026

კოსოვოში მიმდინარე საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომლითაც ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილება შეიზღუდება.

ჰააგის სასამართლო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილ მეთაურებს ასამართლებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ ჰაშიმ ​თაჩის. დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან, რომ დეპუტატები ამ ცვლილებებს არ იღებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, კანონი უნდა იცავდეს კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას, რომელიც, მისი აზრით, „სამართლიან ომს“ აწარმოებდა.

სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი და კიდევ სამი ადამიანი დამნაშვედ ცნო. თაჩი სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობაში, წამებასა და უკანონო დაკავებაში, დამნაშავედ ცნეს და 25 წელი მიუსაჯეს. როგორც მედია წერს, დანაშაულები მან 1998-1999 წლებში ჩაიდინა, როცა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეთაური იყო.

დემონსტრანტებმა პარლამენტისა და მთავრობის შენობების შესასვლელები გადაკეტეს, დეპუტატებს გასვლის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, რომ ცვლილებებს მეორედ უყარონ კენჭი. შემდგომში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა და ქვები ისროლეს, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, კოსოვოში 2015 წელს სპეციალური სასამართლო შეიქმნა, რომელიც ჰააგაში მუშაობს. ის კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილ მებრძოლებს ასამართლებს, რომლებსაც ომის დროს ან მის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ ბრალი. პარლამენტს ორი ცვლილება აქვს განსახილველად. პირველი ითვალისწინებს, რომ მაქსიმალური სასჯელი 15 წელი გახდება. მეორე ცვლილებით, განსასჯელებს განაჩენის გასაჩივრება კოსოვოს უზენაეს სასამართლოში შეეძლებათ.

მსგავსი