კოსოვოს პარლამენტი სრულფასოვანი ჯარის შექმნას უყრის კენჭს
კოსოვოს პარლამენტი სრულფასოვანი ჯარის შექმნას უყრის კენჭს

კოსოვოს სრულფასოვანი ჯარის შექმნას ქვეყნის პარლამენტი 14 დეკემბერს უყრის კენჭს. ამის შესახებ კოსოვოს პარლამენტის სპიკერმა, კადრი ვესელიმ განაცხადა.

„2018 წლის 14 დეკემბერს ჩვენ ოფიციალურად მივიღებთ კოსოვოს არმიას. ეს არის დღე, როდესაც კოსოვოს პარლამენტი ხმას მისცემს კოსოვოს უსაფრთხოების ძალების შეიარაღებულ ძალებად გარდაქმნის კანონპროექტებს“, – წერს ვესელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

18 ოქტომბერს კოსოვოს პარლამენტმა უსაფრთხოების ძალების ბაზაზე ჯარის ფორმირების ინიციატივას პირველი მოსმენით უყარა კენჭი. სერბული პარტიის წევრებმა მაშინ კენჭისყრის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კოსოვოს ჯარის შექმნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.

კოსოვოს ჯარის შექ​მნა კოსოვოს პრემიერ რამუშ ჰარადინაის წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პუნქტი კოსოვოს მთავრობის 2017-2021 წლების პროგრამაშია შესული.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კოსოვოს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.