კოსოვოს მხარეს სამეული დააკლდა - რაშიცას კოვიდი აქვს, ორიც ტრავმირებულია #1TVSPORT
კოსოვოს მხარეს სამეული დააკლდა - რაშიცას კოვიდი აქვს, ორიც ტრავმირებულია #1TVSPORT

კოსოვოს ნაკრების დელეგაცია ბათუმში დილას, პირველ სექტემბერს ჩამოფრინდა, სადაც ახალ არენაზე 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში დაუპირისპირდება.

ბერნან შალანდის გუნდმა მზადება პრიშტინაში დაიწყო და „ფადილ ვოკრის“ სტადიონზე ორი ვარჯიში ჩაატარა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი გუნდი სასტუმროში დაბინავდა და შეხვედრის მასპინძელ „ბათუმი არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე წერია, რომ სტუმართა ბანაკში ცუდი ატმოსფერო არ არის და ყველას იმედი აქვს, რომ პრიშტინაში დადებითი შედეგით დაბრუნდებიან.

თუმცა, საქმე ასე კარგად მაინც არ აქვთ. „ბათუმი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ კოსოვოს არ ეყოლება მილოტ რაშიცა, რომელიც ბალკანელებისთვის უდიდესი ძალაა. რაშიცა გასულ სეზონებში ბრემენისვერდერის“ ლიდერი იყო, ახლა კი ინგლისის პრემიერლიგის „ნორვიჩში“ თამაშობს. მისი არყოფნის მიზეზი კოვიდია.

მილოტ რაშიცა ადრე „ვიტესში” თამაშობდა და ჰოლანდიური გამოცემა elfovoetbal-თან ინტევრიუში აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო დიდი ყურადღება გუნდის ყოფილი კაპიტნის, გურამ კაშიას დახმარებით დაუთმო.

კოსოვოელებს ასევე არ ეყოლებათ არბერ ზენელი და ედონ ჟეგროვა. პირველი შვედეთში დაბადებული 26 წლის საკმაოდ კარგი ნახევარმცველია და ფრანგულ „რეიმსში“ თამაშობს. ედონ ჟეგროვა გერმანიაში დაბადებული ნახევარმცველია, რომელმაც კარიერა ბელგიურ „გენტში“ დაიწყო, ამჟამად კი იჯარით შვეიცარიულ „ბაზელში“ თამაშობს. ამპლუით ფლანგის შემტევი 22 წლისაა და მცირე ასაკის მიუხედავად, კოსოვოს ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა.

არბერ ზენელი და ედონ ჟეგროვა ტრავმირებულები არიან და ოპერაცია დასჭირდათ. სხვა პრობლემებიც გვაქვს, კოვიდის გამო მილოტ რაშიცაც ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ტრავმირებულები საქართველოს ნაკრებშიც არიან, რაც ფეხბურთში ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ბერნან შალანდიმ „ბათუმი არენაზე“ საქართველოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 სექტემბერს კოსოვოს მხარეს ბათუმის ახალ არენაზე 20:00 საათზე შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.