კორუფციაში ბრალდებულმა მაკედონიის ყოფილმა პრემიერმა უნგრეთში თავშესაფარი მოითხოვა
მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი, რომელსაც სამშობლოში კორუფციაში ედება ბრალი, უნგრეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავად დაწერა.
მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ გრუევსკი უნგრეთში გაიქცა.
2018 წლის მაისში ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ექსპრემიერს გრუევსკის, ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის ღირებულების მანქანის შეძენისას, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასულ კვირას სასამართლომ გრუევსკის ბოლო აპელაცია არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მას სასჯელის ვადის მოხდა უნდა დაეწყო. თუმცა პოლიტიკოსმა ქვეყანა დატოვა.
მაკედონიაში 12 ნოემბერს გრუევსკის დაკავების ორდერი გასცეს. როგორც მოსალოდნელია, მაკედონიის იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და უნგრეთს მის ექსტრადირებას მოსთხოვს.
ნიკოლა გრუევსკი მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2016 წლებში იკავებდა, 2017 წლამდე კი, ნაციონალ-კონსერვატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა. ამჟამად ის მაკედონიის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ფლობს. სამშობლოში მის წინააღმდეგ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს.