კორონავირუსმა ვატო არველაძე „კორონას“ დააშორა
კორონავირუსმა ვატო არველაძე „კორონას“ დააშორა

სეზონისთვის მზადება პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმა განაახლეს, მათ შორის – კელჩესკორონამაც“, სადაც საქართველოს ნაკრების კანდიდატი ვატო არველაძე თამაშობდა. 21 წლის ქართველი ლეგიონერი გუნდში აღარ დაბრუნდება – კორონავირუსის პაუზისას გადაწყდა, რომ არველაძე „კორონადან“ წამოვიდოდა.

გამოცემა „ვიბორჩას“ ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემების შემდეგ, გუნდი ხუთ მოთამაშეს შეელია, ერთ-ერთი მათგანი კი ქართველი თავდამსხმელია.

კელჩესკორონამ“ ვარჯიშები განაახლა. კლუბმა ფეხბურთელების ვარჯიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურა განახორციელა. მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც ამ სეზონში „კორონაში“ აღარ ითამაშებენ, ხუთამდე გაიზარდა. კლუბმა შეწყვიტა კონტრაქტები მცველ ივან მარკესთან, ცენტრალურ ნახევარმცველ როდრიგო სალასართან, ორ მარცხენა მცველთან, ნემანია მილეტიჩთან და დენიელ ჟივინელისთან. ამას გარდა, კორონავირუსზე ტესტირებას არც ვატო არველაძე გაივლის, რაც იმის ნიშანია, რომ ამ სეზონში ქართველი აღარ ითამაშებს“, – წერს პოლონური გამოცემა.

ვატო არველაძის წასვლის მიზეზებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაცეი ბარტოშეკმა მცირე განმარტება გააკეთა: „სხვებთან ერთად, ვატო არვალაძეც არ ჩამოსულა, რაც ადრეც იყო ცნობილი”.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეკიმ და ქვეყნის სპორტის მინისტრმა დანუტა დმოვსკამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 29 მაისიდან განახლდება.

პოლონეთში შემუშავდა შესაბამისი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 3-4 მაისს ყველა მოთამაშემ და კლუბის პერსონალმა კორონავირუსზე ტესტირება გაირა. 4 მაისიდან გუნდებს 4-6-კაციანი ჯგუფებით ვარჯიშის უფლება მიეცათ, ხოლო 10 მაისიდან სრულფასოვან წვრთნებს შეძლებენ. განახლებულ სეზონში პირველი ტურის მატჩები 29-31 მაისს გაიმართება, ხოლო 18-19 ივლისს ჩემპიონატი დასრულდება. გეგმაში ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ პოლონეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება.