კორონავირუსის მიუხედავად, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია მაინც გაიმართება
კორონავირუსის მიუხედავად, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია მაინც გაიმართება

ოლიმპიური ცეცხლის დანთებისა და იაპონური მხარისთვის გადაცემის ცერემონია აუცილებლად ჩატარდება. ასევე საბერძნეთის ტერიტორიაზე სრულად ჩაივლის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა. თუმცა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, გარკვეული ზომები მაინც იქნება მიღებული – გაუქმდება სტუმრების საზეიმო მიღებები და მაყურებლების გარეშე ჩაივლის ცეცხლის დანთების ცერემონიის გენერალური რეპეტიცია. ამის შესახებ განაცხადა საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ტოკიოს ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერემონია 12 მარტს, პელოპონესის ნახევარკუნძულზე ძველ ოლიმპიაში უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ, სტარტს აიღებს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე 3200 კილომეტრს დაფარავს და 19 მარტს, ათენში „პანათინაიკოსის” სტადიონზე დასრულდება. ამის შემდეგ, ბერძნული მხარე ცეცხლს იაპონელთა დელეგაციას გადასცემს.

დღეისთვის, საბერძნეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების შვიდი შემთხვევა. ოთხმა ადამიანმა ვირუსი ჩრდილოეთ იტალიიდან შეიტანა ქვეყანაში, კიდევ სამი ადამიანი იმ ოთხი უახლოესი გარემოცვაა.