კორონავირუსის გამო, ყაზახეთში 5 ივლისიდან ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომები იმოქმედებს
კორონავირუსის გამო, ყაზახეთში 5 ივლისიდან ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომები იმოქმედებს

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ყაზახეთში 5 ივლისიდან ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდება. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 11 მაისს გააუქმეს და ახლა ზომების გამკაცრების აუცილებლობა კვლავ დადგა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1 644 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 45 719 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 556 პაციენტი, ხოლო 188 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კარანტინის ფარგლებში, ყაზახეთში იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. რეგიონებს შორის შეჩერდება ავტობუსებით გადაადგილება; ასევე, შეწყდება საქალაქთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა.

დედაქალაქ ნურსულთანში კი, ორი კვირა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები. აკრძალული იქნება სამ ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების გადაადგილება. დაკეტილი იქნება სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, აუზები. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოხელეების 80 პროცენტი დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.