კორონავირუსი „შუქურას“ ექვს ფეხბურთელს დაუდასტურდა
კორონავირუსი „შუქურას“ ექვს ფეხბურთელს დაუდასტურდა

ქობულეთის „შუქურას“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელებში კორონავირუსი გავრცელდა.

„ქობულეთის „შუქურას“ ექვს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მორიგი ტურის მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება. მადლობა ყველას ვინც გვერდით დაგვიდგა ამ რთულ პერიოდში! ჩვენს ბიჭებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.. დავემორჩილოთ რეკომენდაციებს – ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერია „შუქურას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 4 მატჩის შეხვედრის განრიგი შეიცვალა, მათ შორის კი „შუქურას“ მატჩის თარიღი. 28 ოქტომბერს დაგეგმილი მე-14 ტურის მატჩი „შევარდენი 1906“-სა და „შუქურას“ შორის 25 ნოემბერს გაიმართება, ხოლო „რუსთავისა“ და „შუქურას“ დაპირისპირება 4 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს ჩაინიშნა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდში კორონავირუსი ამდენ ფეხბურთელს დაუდასტურდა.