კორონავირუსი „ნომედსის“ სამ ფეხბურთელს აქვს - „დინამოსთან“ დაპირისპირება მაინც გაიმართება
კორონავირუსი „ნომედსის“ სამ ფეხბურთელს აქვს - „დინამოსთან“ დაპირისპირება მაინც გაიმართება

უეფას (UEFA) ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის „დინამოს“ მეტოქის – უელსური „ქონას ქი ნომედსის“ სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ნომედსმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც საქართველოს პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ:

„სამშაბათს ყველა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო და საოპერაციო სტაფმა გაიარა სავალდებულო ტესტირება COVID-19-ზე. ვირუსი კლუბის სამ მოთამაშეს აღმოაჩნდა, ხოლო კიდევ ერთს მისი სიმპტომები აღენიშნება.

მას შემდეგ რაც თამაშს დაუბრუნდა, ჩვენი კლუბი შესაბამისი უწყებების ყველა რეგულაციასა და რეკომენდაციას ასრულებს. ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ინფიცირებული მოთამაშეები თვით-იზოლაციაში გადავიდნენ.

გაცნობებთ, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, მატჩი მაინც გაიმართება. ეს ჩვენი კლუბისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ განაცხადში მხოლოდ 14 მოთამაშე გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით.

წინასასეზონო მზადებისას ტრავმები მიიღეს ჯორჯ ჰორანმა და აერონ ედვარდსმა. ყოველივე ამან კლუბი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.“

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ 17 სექტემბერს უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში უელსურ „ქონას ქი ნომედს“ დაუპირისპირდება. მატჩის ხილვას გულშემატკივარი საქართველოს პირველი არხის youtube-სა და „ფეისბუქის“ გვერდებზე, ასევე „დინამოს“ „ფეისბუქ“ გვერდსა და კლუბის საიტზე თბილისის დროით 21:00 საათიდან შეძლებს.

დატოვე კომენტარი