„კორიერე დელო სპორტი“ - კვარაცხელიამ „ნაპოლის“ სოლიდურ შეთავაზებაზე უარი თქვა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ შეთავაზების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში გადასვლა რეალური გახდა და ახლა „ნაპოლი“ ცდილობს, მათ გაუარესებულ ურთიერთობაში მხოლოდ კვარაცხელია დაადანაშაულოს. იტალიურ გამოცემა „კორიერე დელო სპორტში“ გამოქვეყნებულ წერილში სწორედ კლუბის ცალმხრივი პოზიციაა დაფიქსირებული, სადაც ამტკიცებენ, რომ გუნდმა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან კარგი პირობებით შესთავაზა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა უარი თქვა.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე იყო. იმის მიუხედავად, რომ გუნდის წამყვანი ფიგურა გახლდათ, კლუბი ქართველის პირობების გაუმჯობესებას არც ცდილობდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა. რაც შეეხება წერილში ნახსენებ „გრანდიოზულ“ (6 მილიონი ევრო სეზონში) შეთავაზებას, ამდენს „ნაპოლიში“ სათადარიგოთა სკამზე მყოფი ზოგიერთი ფეხბურთელიც იღებს, რაც, ცხადია, ერთ-ერთი ლიდერისთვის სულაც არაა „გრანდიოზული“ წინადადება.
„როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებულ ამბებს გარკვეული სინათლე მოჰფინა და ისაუბრა ფეხბურთელის მხრიდან კლუბის დატოვების და სხვაგან გადასვლის სურვილზე (სავარაუდოდ, პსჟ-ში).

პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მისგან და მისი გარემოცვიდან დადებითი პასუხი არ მიუღია. „კვარა“ ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა პსჟ-ის წინადადებას, თუმცა მომდევნო ექვსი თვე „ნაპოლისთან“ ურთიერთობების დალაგებას ცდილობდა.
ნეაპოლელთა უახლესი წინადადება ხელშეკრულების 2029 ან 2030 წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს (იმის მიხედვით, თუ როდის გაფორმდება კონტრაქტი). ხელშეკრულება წლების განმავლობაში პირობების თანდათანობითი ზრდას გულისხმობს – საშუალოდ 6 მილიონ ევროზე მეტს სეზონში.
და კიდევ: გათვალისწინებული იყო სოლიდური საკომისიო გარემოცვისთვის და, ამასთანავე, დათმობა კონტრაქტში გამოსასყიდი სატრანსფერო პუნქტის დამატების სახით, რომელიც თავდაპირველი 120 მილიონი ევროდან 75 მილიონამდე შემცირდა. როგორც ჩანს, ხელმოსაწერად ყველაფერი მზად იყო, მაგრამ შემდეგ რაღაცები შეიცვალა გარკვეულ მოთხოვნებსა და პარამეტრებთან ერთად“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.