კორღალიძის პირველი 3 ქულა - „რუსთავი“ ისევ აგებს (ვიდეო)
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრის პირველი შეხვედრა გაიმართა – ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში რუსთავმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა.
მასპინძლებს ვერც ახალ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას დანიშვნამ უშველა. სტუმრებმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნეს: გადაცემის მოგერიებისას, მასპინძელთა მცველმა ლუკა გადრანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმში ზუკა დავითაშვილმა მეკარესთან პირისპირ თორნიკე კირკიტაძე დატოვა და თბილისელთა უპირატესობა გაზარდა – 0:2.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა. ლოკომოტივმა ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით ჩემპიონატში პირველად მოიგო და 10 ტურში მოპოვებული 9 ქულით მერვე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო რუსთავს წელს თამაში არ მოუგია და სამი ქულით ბოლო ადგილზეა.