კორღალიძე „საბურთალოში“ სიახლეებს აანონსებს - გუნდს ახალი სისხლი სჭირდება
კორღალიძე „საბურთალოში“ სიახლეებს აანონსებს - გუნდს ახალი სისხლი სჭირდება

„წლებია უკვე, რაც „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გუნდი მოკლე დროში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, დაეუფლა თასსა და სუპერთასს. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ სეზონი წარუმატებლად დასრულდა“, – ასე შეაფასა განვლილი სეზონი „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ „საბურთალოს“ შუა სეზონიდან შეუერთდა, კორღალიძე ამბობს, რომ შედეგზე პასუხისმგებელია: „არ აქვს მნიშვნელობა, მე დავაკომპლექტე გუნდი, თუ არა. ამჟამად, კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობაც მე მეკისრება. ვიცი, რა საქმესაც შევეჭიდე. მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება. გვერდში დგომასა და სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბის ხელმძღვანელებისგან – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან, კახა კაშიასგან, კახა ამირიძისგან და ყველა იმ ადამიანისგან, ვინც „საბურთალოში“ მუშაობს. მათი მხარდაჭერა და თანადგომა მაიმედებს. ხელმძღვანელების ხელშეწყობა რომ არ მქონოდა, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ხდება, სეზონი წარუმატებლად სრულდება და ეს სამწუხაროა, თუმცა ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მთავარია, სწორად გავაანალიზოთ, შედეგი რამ განაპირობა“.

კორღალიძის თქმით, საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრასთან“ მარცხი ძალიან მტკივნეული გამოდგა: „უპირველესად, „გაგრას“ თასის მოპოვებას ვულოცავ, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ და კლუბისადმი ჩემს პატივისცემას ვადასტურებ. თუმცა, ვალდებულები ვიყავით, ეს თამაში მოგვეგო. თასის გათამაშება კარგად დავიწყეთ, პირველი ორ ეტაპზე ორი ძლიერ გუნდს, „დინამო თბილისს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დამაჯერებლად მოვუგეთ და თასის მეორედ მოგებასთან ახლოს ვიყავით. ეს მარცხი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში სამუდამოდ დარჩება, როგორც იმედგაცრუება. „გაგრასთან“ მოტივაცია დაგვაკლდა, ბევრი ტრავმირებულიც გვყავდა, მაგრამ ეს ჩვენს მარცხს არ ამართლებს“.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „საბურთალომ“ წლეულს წარუმატებლად იასპარეზა, მოთამაშეთა ტრავმიანობა და მოკლე სკამი იყო. კორღალიძის თქმით, მომავალ წელს მსგავსი რომ არ განმეორდეს, ფეხბურთელების დამატება მოუწევთ: „თებერვლიდან გუნდს გიორგი კოხრეიძეც შეუერთდება, რომელიც „საბურთალოსთვის“ დიდი ძალაა და ეს ამბავი მახარებს. რაც შეეხება მოკლე სკამს – იყო შემთხვევები, როდესაც ვარჯიშზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და სრულფასოვანი ვარჯიში რომ ჩაგვეტარებინა, ახალგაზრდებს დუბლებიდან ვიმატებდით. მაგალითად, „თელავთან“ გასვლით მატჩში თადარიგში მხოლოდ მეკარე და ორი ფეხბურთელი გვყავდა. „საბურთალოში“ცვლილებები იქნება, რადგან კლუბს ახალი სისხლი სჭირდება. მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან დავასრულეთ, თუმცა, უმჯობესი იქნება მათი ვინაობა ფორმალური საკითხების დასრულების შემდეგ გითხრათ. წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა უახლოეს დღეებში გეცოდინებათ“.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ახალი სეზონისთვის მზადების გეგმებზე ილაპარაკა: „ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს 26 დეკემბრიდან დაიწყებენ, რათა 10 იანვრისთვის, როდესაც შევიკრიბებით, რაღაც დონეზე მზად იყვნენ. თავდაპირველად, დედაქალაქში მოვემზადებით, შემდეგ კი თუ პანდემია ხელს არ შეგვიშლის, დასკვნით შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით. ფეხბურთში ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს. „საბურთალოში“ ისეთ მწვრთნელებს უმუშავიათ, რომლებიც აკადემიის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. მეც ასეთებს მივეკუთვნები. ვფიქრობ, როდესაც „საბურთალოში“ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ აკადემიის განვითარება და წარმატებული ფეხბურთელების დაწინაურება იყო. ვინც დაიმსახურებს პირველ გუნდში თამაშს, მათთვის კარი ყოველთვის ღია იქნება“.