კოპა ამერიკაზე სკანდალია - არგენტინა ნახევარფინალში მსაჯობას აპროტესტებს
კოპა ამერიკაზე სკანდალია - არგენტინა ნახევარფინალში მსაჯობას აპროტესტებს

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციისგან (CONMEBOL) მთავარი არბიტრის, როდი სამბრანოს ვიდეოასისტენტთან მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერი მოითხოვა. საქმე ეხება კოპა ამერიკას ნახევარფინალურ მატჩს არგენტინასა და ბრაზილიას შორის.

არგენტინის ნაკრების წარმომადგენლები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ ეკვადორელი მსაჯის მუშაობით, რომელმაც, მათი აზრით, არ დანიშნა ორი პენალტი ბრაზილიელთა კარში.

CONMEBOL-მა ადრე დაადასტურა, რომ მატჩამდე სამბრანოს ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემები ურუგვაელ ვიდეოასისტენტ ლეოდან გონსალესთან, მაგრამ სასტარტო სასტვენისთვის კავშირის აღდგენა მოხერხდა.

გამოცემა „გლობო ესპორტეს“ მონაცემებით, არბიტრებს შორის კავშირში წუნი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც სტადიონზე ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მივიდა. მისი დაცვის სამსახურის გარკვეულმა მოქმედებებმა გამოიწვია მსაჯების შორის კომუნიკაციის პრობლემა.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთ არგენტინულ საფეხბურთო ბლოგზე, რომელზეც ანონიმურად წერს ბევრი ცნობილი ჟურნალისტი, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვიდეოასისტენტი გონსალესი ორივე ეპიზოდში, როცა ბრაზილიის ნაკრების კარში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, სთხოვდა მთავარ არბიტრ სამბრანოს მიემართა VAR-ის სისტემისთვის და მომენტი შეემოწმებინა.

როგორც იტყობინებიან, გონსალესმა მატჩის შემდეგ განუცხადა ინსპექტორს, რომ ორივე შემთხვევაში უთხრა სამბრანოს, პენალტის დანიშვნის აუცილებლობაზე, მაგრამ ეკვადორელმა ორივეჯერ უარი თქვა ვიდეოგამეორების შემოწმებაზე.

ამ გაურკვეველი სიტუაციიდან გამომდინარე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მოითხოვა CONMEBOL-ის მსაჯთა კორპუსის თავმჯდომარის, უილსონ სემენოს გათავისუფლება.