კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

კოპა ამერიკაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი.

C ჯგუფის მესამე ტურში მთავარი მატჩი იყო ჩილესა და ურუგვაის შორის. მათ უნდა გაერკვიათ ერთმანეთში ჯგუფში პირველი ადგილის ბედი, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ამ ქვეჯგუფის მეორეადგილოსანი მეოთხედფინალში კოლუმბიაზე გადიოდა. ეს უკანასკნელი ერთადერთი გუნდი აღმოჩნდაჯგუფურ ეტაპზე, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო.

ურთულესი მატჩი ედინსონ კავანის ერთადერთი გოლით ურუგვაიმ 1:0 მოიგო. 32 წლის ფორვარდმა 82-ე წუთზე გამოიყენა ხონათან როდრიგესის პასი.

ასე რომ, შვიდი ქულით ურუგვაი პირველ ადგილზე გავიდა C ჯგუფში, ექვსი ქულით მეორეა ჩილე.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ქვეჯგუფის მეორე შეხვედრას – ეკვადორსა და იაპონიას შორის მოგებული ინაღდებდა მეოთხედფინალში თამაშს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი. ფრე არც ერთს არ აწყობდა და შეხვედრა, საბოლოოდ, 1:1 დასრულდა. მე-17 წუთზე იაპონელმა სეია ნაკაჯიმამ გახსნა ანგარიში, 35-ე წუთზე ანხელ მენამ გაათანაბრა. იაპონია ორი ქულით და ეკვადორი ერთი ქულით ეთიშებიან კოპა ამერიკას. საუკეთესო მესამეადგილოსნების რანგში მეოთხედფინალში გადავიდნენ პარაგვაი და პერუ.

მაშ ასე, კოპა ამერიკაზე ასეთი მეოთხედფინალური წყვილებია:

ბრაზილია-პარაგვაი (28 ივნისი, 04:30)

ვენესუელა-არგენტინა (28 ივნისი, 23:00)

კოლუმბია-ჩილე (29 ივნისი, 03:00)

ურუგვაი-პერუ (29 ივნისი, 23:00)