კოპა ამერიკა 2019 - ბრაზილიამ გამარჯვებით დაიწყო, კოუტინიომ დუბლი შეასრულა (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - ბრაზილიამ გამარჯვებით დაიწყო, კოუტინიომ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. გახსნის მატჩში, რომელიც სან-პაულუში გაიმართა, მასპინძლებმა 3:0 დაამარცხეს ბოლივია.

მატჩის მთავარი გმირი აღმოჩნდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო. თავდაპირველად, მან 50-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, სამი წუთის შემდეგ კი დუბლი გაიფორმა. მეორე გოლისას ასისტენტი რობერტო ფირმინო იყო. ბოლო გოლი 85-ე წუთზე ძალიან ეფექტური დარტყმით ევერტონმა გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ 11-მეტრიანი ვიდეორეფერის (VAR) სისტემით გამოყენებით დაინიშნა. შეხვედრის მთავარი მსაჯი იყო არგენტინელი ნესტორ პიტანა.

ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ალისონი – დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ფილიპე ლუიში – ფერნანდინიო, კაზემირო – რიჩარლისონი (85. ვილიანი), ფილიპე კოუტინიო, დავიდ ნერეში (81. ევერტონი) – რობერტო ფირმინო (65. გაბრიელ ჟესუსი).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია კოპა ამერიკაზე ნეიმარის გარეშე თამაშობს, რომელიც ყატართან ამხანაგური მატჩის დროს დაშავდა.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც პერუ და ვენესუელა გაარკვევენ ურთიერთობას, 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მომდევნო ტურს, ის 19 ივნისს გაიმართება. ბრაზილია ვენესუელას შეხვდება, ბოლივია კი პერუს.