კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ წაგებით დაიწყო (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ წაგებით დაიწყო (ვიდეო)

კოპა ამერიკას მეორე სათამაშო დღეს ტურნირში ჩაება ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინის ნაკრები, რომელიც B ჯგუფში მთავარ კონკურენტს, კოლუმბიას ხვდებოდა. შეხვედრა ქალაქ სალვადორის „ფონტე-ნოვა არენაზე“ გაიმართა და კოლუმბიის მოგებით დასრულდა – 2:0.

ორივე გოლი მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევებით გავიდა. 71-ე წუთზე მექსიკის „ამერიკას“ ფეხბურთელმა როხერ მარტინესმა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მოჭრილი ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი კი ასევე მარცხიდან კარის გასწვრივ დაბალი პასის შემდეგ „ატალანტას“ ბომბარდირმა დუვან საპატამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი კოლუმბიელთა დამრიგებელმა კარლუშ კეირუშმა შეცვლაზე შეიყვანა მოედანზე.

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

არმანი – სარავია, პეცელია, ოტამენდი, ტალიაფიკო – ლო სელსო, გ. როდრიგესი (67. პისარო), პარედესი, დი მარია (46. დე პაული) – მესი, აგუერო (79. მ. სუარესი).

საინტერესოა, რომ არგენტინამ პირველად 2007 წლის შემდეგ, ძირითად დროში წააგო შეხვედრა კოპა ამერიკაზე.

მეორე სათამაშო დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს A ჯგუფის ბინადრებმა – პერუმ და ვენსუელამ. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში ბრაზილიამ 3:0 მოუგო ბოლივიას.