კონტრაქტი ხუთწლიანია - გაგნიძის ტრანსფერი რუსეთშიც დაადასტურეს #1TVSPORT
კონტრაქტი ხუთწლიანია - გაგნიძის ტრანსფერი რუსეთშიც დაადასტურეს #1TVSPORT

რუსულ მედიაშიც დადასტურდა, რომ 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშე გახდა.

გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა „დინამო თბილისის“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ „ჩემპიონატს“ ინფორმაცია ვითარებაში ჩახედულმა წყარომ მიაწოდა,“ – წერია ინტერნეტ გამოცემაში.

თუმცა, „ჩემპიონატი“ მანამდე ამტკიცებდა, რომ მოსკოვის „დინამო“, რომელიც მოთამაშეს კონტრაქტზე შეუთანხმდა, გაგნიძის რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში იჯარით გაშვებას აპირებდა.

საბოლოოდ, საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია უფრო სწორი გამოდგა – გაგნიძე საქართველოში დაბრუნდა და „დინამო თბილისში“ ზამთრამდე იჯარით ითამაშებს.

2020/2021 წლების სეზონში გაგნიძემ საქართველოს ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ინტერნეტ პორტალი Transfermarkt-ის შეფასებით, ის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიაში მეორე ადგილზეა – გერმანული ინტერნეტ პორტალი 18 წლის ქართველი ნახევარმცველის ღირებულებას 700 000 ევროდ აფასებს.