კონორი პრესკონფერენციაზე უჩვეულოდ მშვიდი იყო - სერონესა და მაკგრეგორის ბრძოლამდე ორი დღე რჩება (ვიდეო)

ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონს ორ დღეში დაუბრუნდება. მანამდე კი ლას ვეგასში პრესკონფერენცია გაიმართა. კონორი უჩვეულოდ მშვიდი და დამაჯერებელი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ „კავბოიმ” ირლანდიელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

„უდავოდ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება. ნამდვილი იდიოტი უნდა იყო, რომ იფიქრო, რომ კონორმა ჯიუ ჯითსუ და გრეპლინგი არ იცის და ამ კომპონენტში თავს კარგად ვერ იცავს. ეს ძალიან რთული დაპირისპირება იქნება. მაკგრეგორს დიდი ხანია არ უბრძოლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კარგად არის მომზადებული. ის ამ სპორტში უდიდესი პერსონაა და მოხარული ვარ, რომ მასთან ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა.” – განაცხადა სერონემ

რაც შეეხება კონორს, ირლანდიელმა აღნიშნა, რომ დონალდ სერონეს საბავშვო წიგნივით გაშიფრავს და დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს. თუმცა, მიუხედავად ამისა კონორმა „კავბოის” მიმართ არც პატივსაცემი სიტყვები დაიშურა, რაც ბევრისთვის გასაკვირი იყო.

„ძალიან დიდი გეგმები მაქვს, მიხარია რომ დავბრუნდი. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს ბრწყინვალე 2020 წელი ელოდება და მე ვაპირებ, რომ ამ ყველაფერში აქტიური მონაწილეობა მივიღო. მე ამ წელს ვუყურებ, როგორც სეზონს და მინიმუმ სამი ბრძოლის ჩატარებას ვგეგმავ. სიაში პირველი დონალდია. მე მისი წაკითხვა ისე შემიძლია, როგორც საბავშვო წიგნის. ამ ბრძოლისთვის ძალიან კარგად მოვემზადე და აუცილებლად მოვიგებ.”- აღნიშნა მაკგრეგორმა.

კონორისა და სერონეს ბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.