კონორ მაკგრეგორი აცხადებს, რომ UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს #1TVSPORT
ირლანდიელი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის თქმით, 2026 წელს UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და მისი მეტოქე მაიკლ ჩენდლერი იქნება.
„მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ ვბრუნდები! თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობას მივიღებ – დიდი სანახაობა გველის. ჩემი მეტოქე მაიკლ ჩენდლერი იქნება. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით The Ultimate Fighter-ის შოუში. ის ძალიან კარგი მებრძოლი და ადამიანია“, – აცხადებს მაკგრეგორი.
შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა, კონორ მაკგრეგორმა ბოლოს 2021 წლის ივლისში იჩხუბა და დასტინ პორიესთან დამარცხდა, ხოლო მისი პოტენციური მეტოქე მაიკლ ჩენდლერი ბრძოლას ზედიზედ სამი მარცხით შეხვდება.
რაც შეეხება ღონისძიებას, იდეა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუჩნდა. მას სურს, 2026 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად UFC-ს ღონისძიება თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩატარდეს.
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაიღმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შეჯიბრება მომავალ წელს შედგება და ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სპორტული შოუ იქნება.