კონორ მაკგრეგორი 11 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე წარსდგება
კონორ მაკგრეგორი 11 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე წარსდგება

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი (21-4) 11 ოქტომბერს, დუბლინში სასამართლოში უნდა წარსდგეს პაბში ხანშიშესული მამაკაცის ცემის გამო, – წერს ირლანდიური გამოცემა „ინდეპენდენტი“.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ამა წლის აპრილში მოხდა. მაკგრეგორმა გადაწყვიტა პაბის ყველა სტუმარს საკუთარი ვისკით Proper.12-ით გამასპინძლებოდა, მაგრამ მამაკაცმა უხეში ფორმით უთხრა უარი მებრძოლს, რის შემდეგაც მაკგრეგორისგან სახეში დარტყმა მიიღო.

ამ მომენტისთვის, კონორს მხოლოდ ერთი პუნქტით აქვს წაყენებული ბრალი, რის გამოც შეიძლება მიიღოს ნახევარწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა 1500 ფუნტის ოდენობით.

აღვნიშნავთ, რომ მაკგრეგორს ერთხელ უკვე წაუყენა ბრალი აშშ-ის სასამართლომ 2018 წლის აპრილში ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსზე თავდასხმის გამო.