კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გაასაჯაროეს წერილი, რომელიც, მათი მტკიცებით, დონალდ ტრამპის მიერ არის ხელმოწერილი და ჯეფრი ეპშტეინისთვის 50 წლის იუბილეზეა გაგზავნილი
კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გაასაჯაროეს წერილი, რომელიც, მათი მტკიცებით, დონალდ ტრამპის მიერ არის ხელმოწერილი და ჯეფრი ეპშტეინისთვის 50 წლის იუბილეზეა გაგზავნილი

აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გაასაჯაროეს წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არის ხელმოწერილი და 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინისთვის მისი 50 წლის იუბილეზეა გაგზავნილი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კონგრესის დემოკრატმა წევრებმა სავარაუდო წერილის ასლი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

წერილში ქალის სხეულის ნახატია გამოსახული და წერია: „ბედნიერი დაბადების დღე – დაე, ყოველი დღე იყოს კიდევ ერთი საოცარი საიდუმლო“.

სურათთან ერთად გამოქვეყნებულ პოსტში დემოკრატებმა დაწერეს: „ტრამპი საუბრობს „საოცარ საიდუმლოზე“, რომელიც მათ, ორს ჰქონდათ. რას მალავს? გაასაჯაროეთ ფაილები!“

„პრეზიდენტ ტრამპს არ დაუხატავს ეს ნახატი და არ მოუწერია ხელი“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ამასთან, როდესაც ივლისში „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაასაჯაროვა სავარაუდო წერილის დეტალები, ტრამპმა თქვა, რომ ის იყო „ყალბი“.

„ეს არ არის ჩემი სიტყვები, ასე არ ვლაპარაკობ. ასევე, მე სურათებს არ ვხატავ“, – განაცხადა ტრამპმა და გაზეთს სასამართლოში უჩივლა. პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტების, გამომცემლისა და ხელმძღვანელების წინააღმდეგ ათი მილიარდი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

სავარაუდო წერილის გასაჯაროებას გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

„დემოკრატებს ეპშტეინი არ აინტერესებთ. მათ მისი მსხვერპლებიც კი არ აინტერესებთ. სწორედ ამიტომ იყვნენ ჩუმად წლების განმავლობაში. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კიდევ ერთი ყალბი სკანდალის შეთხზვა, რათა პრეზიდენტი ტრამპი „გააშავონ“. ამ სისულელეს არავინ აჰყვება“, – წერს ჯეი დი ვენსი.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში. ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ დონალდ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა.