კონგოში ეთნიკური დაპირისპირებისას ასობით ადამიანია მოკლული
კონგოში ეთნიკური დაპირისპირებისას ასობით ადამიანია მოკლული

გაერო-ს მონაცემებით, 2018 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეთნიკურ დაპირისპირებებს, სულ მცირე, 500 ადამიანი შეეწირა. თუმცა, დაუდასტურებელი მონაცემებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა ათასს აღწევდეს. საერთაშორისო ორგანიზაციის გამომძიებლებმა, რომლებიც ადგილზე ვითარების შესასწავლად ჩავიდნენ, მხოლოდ სამი სოფლის დათვალიერება მოახერხეს, გარკვეული რეგიონები კი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, აფრიკის სახელმწიფოში ძალადობის ფაქტები შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეთნიკური დაპირისპირებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა ტომმა საკუთარი გარდაცვლილი ბელადი სხვა ტომის ტერიტორიაზე დაასაფლავა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ბატენდეს ხალხი ბანუნუს ტომის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, თავდასხმები წინასწარ დაგეგმილი იყო და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

გაერო-ს ცნობით, თავდამსხმელებმა რამდენიმე ახალშობილი მშობლების წინ კანალიზაციის მილში ჩააგდეს. რამდენიმე ათეული ოჯახი კი საკუთარ სახლებში ცოცხლად დაწვეს. ანგარიშის თანახმად, ბატენდეს ხალხი მოკლულების ცხედრებს მდინარე კონგოში ყრიდა. ეს კი დაღუპულების რიცხვის დადგენას კიდევ უფრო ართულებს.

გაერო-ს გამომძიებლების ცნობით, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ვითარების დეესკალაციას ვერ ახერხებს.