კონფერენსლიგა | თემურ ქეცბაია – თორნიკე კვარაცხელია ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, მას ვარჯიშებზეც ეტყობა, რომ იზრდება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მონდორფთან“ შინ გამართული შეხვედრა შეაჯამა, რომელიც „დინამომ“ ფრედ, 1:1 ითამაშა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (2:1, 1:1) შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ძირითად დროში თამაში წავაგეთ. კარგია, რომ დამატებითში ანგარიში გავათანაბრეთ. კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი გვჭირდება, მომდევნო ეტაპზე უკეთესი გუნდი შეგვხდება და მომენტები უნდა გამოვიყენოთ.
მადლობა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო. დიდი ამბიცია გვაქვს, რომლის სისრულეში მოსაყვანად ბევრი რამ გვაკლია. უპირველესად კი გულშემატკივრების თანადგომა.
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ნელა ვთამაშობდით, ბურთს ზედმეტად ვიჭერდით, ეს კი ლუქსემბურგელებს დაცვაში კარგად თამაშის საშუალებას აძლევდა. ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელებმა მოედანზე თავი დაზოგეს, მაგრამ ევროტურნირებზე მეტია საჭირო.
თორნიკე კვარაცხელია ძალიან კარგად შემოვიდა, მას ვარჯიშებზეც ეტყობა, რომ იზრდება. ორი თვეა ძირითად გუნდთან ერთადაა და დრო სჭირდება, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს. მეორე ტაიმში ძალიან დაგვეხმარა და პენალტიც მოიპოვა“.