კონფერენს ლიგის პლეი ოფში გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა, დამატებით დროში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ეს იყო ტურნირის 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრა. პირველი მატჩი დანიაში გერმანელებმა 2:1 მოიგეს და წყვილის ფავორიტად ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ითვლებოდა, მაგრამ დანიელებმა შეხვედრა კარგად ჩაატარეს და პროგნოზები გააბათილეს.
„კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. დანიელებმა მეორე ბურთი გოჩოლეიშვილის აქტიურობის შემდეგ გაიტანეს – მეკარესთან პირისპირ გასული ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც კევინ დიკსმა უნაკლოდ შეასრულა.
„ჰაიდენჰაიმი“ შეტევაში აქტიურად ათამაშდა. ზივზივაძეს ახლოდან გატანა შეეძლო, მაგრამ მისი თავური „კოპენჰაგენის“ მეკარემ მოიგერია. „ჰაიდენჰაიმმა“ ანგარიში ლეო შიენცას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტმის შემდეგ შეამცირა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
შეხვედრის ბედი 114-ე წუთზე გოჩოლეიშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა მექსიკელმა როდრიგო უესკასმა გადაწყვიტა, რომელმაც „კოპენჰაგენი“ დააწინაურა და საბოლოოდ კონფერენს ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.