კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი I გორის „დილა“ - კვიპროსის აპოელ-ი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი I გორის „დილა“ - კვიპროსის აპოელ-ი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ კვიპროსის აპოელ-ს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს და პლეი ოფში გასასვლელად პირველი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.

კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 1745 აქციონერით

ნიქოზიის აპოელ-ი დაარსდა 1926 წელს და კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. აპოელ-ს მოგებული აქვს კვიპროსის პირველი დივიზიონი (28-ჯერ), კვიპროსის თასი (21-ჯერ) და კვიპროსის სუპერთასი (14-ჯერ).

გუნდი ოთხჯერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (2009/10, 2011/12, 2014/15, 2017/18). საუკეთესო შედეგს 2011/2012 წლების სეზონში მიაღწია. ჯგუფიდან გავიდა, მერვედფინალური ეტაპი გაიარა და მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში 2:8 დამარცხდა. გუნდი სამჯერ მონაწილეობდა (2013/14, 2015/16, 2016/17) ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 2016/17 წლების სეზონში ამ ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

გუნდის ვიცე-კაპიტანი გიორგი ქვილითაიაა, ხოლო დაცვაში ლაშა დვალი თამაშობს. გასულ სეზონში აპოელ-ში მურთაზ დაუშვილიც ირიცხებოდა, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ნიქოზიელთა რიგებში ერთი სეზონის მანძილზე გამოდიოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მათ რიგებში 2022 წლის ზაფხულიდან აღარაა.

აპოელ-ს 1997 წლიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება APOEL Football (Public) მართავს. კომპანია ფლობს ყველა უფლებას საფეხბურთო კლუბზე და ყოველწლიურად ბრენდის მეპატრონეს 100 000 ფუნტს უხდის. კომპანიასა და კლუბს შორის ხელშეკრულება ხუთ წელიწადში ერთხელ თავიდან იდება. საინტერესოა, რომ აპოელ-ს ჰყავს 1745 აქციონერი და, გარდა საფეხბურთო კლუბისა, ასევე ინახავენ გუნდის მაღაზიას, ჟურნალ აპოელ-ს და გუნდის ვებგვერდს.

აპოელი კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც სერბული „ვოევოდინა“ 4:2 დაამარცხა (2:1 შინ, 2:1 სტუმრად). გუნდი ახლახან ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ეგვიპტელმა არმ ვარდამ დატოვა და მაროკოს „რაჯა კასაბლანკაში“ გადავიდა.

გორის „დილა“

გორის „დილა“ ევროტურნირებზე დაბრუნების შემდეგ ასპარეზობას პირველივე რაუნდში ზედიზედ ორჯერ გამოეთიშა. შესაძლოა, ამის გამოც წელს ანდრეი დემჩენკოს გუნდისგან (ისევე, როგორც ევროტუნირებზე მონაწილე სხვა ქართული გუნდებისგან) გულშემატკივრები ბევრს არაფერს ელოდნენ.

მაგრამ უკრაინელი სპეციალისტის გაწვრთნილმა კრებულმა ჯერ სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონი „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა 3:2 (1:2, 2:0), შემდეგ კი – პოლტავის „ვორსკლა“ 4:3 (1:2, 3:1) და ახლა ევროტურნირებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდია. მთავარი ისაა, რომ დემჩენკოს ფეხბურთელები ღირსეულად თამაშობენ და მიზერული რესურსით ყველაზე მეტს მიაღწიეს საქართველოდან.

მთავარი მწვრთნელის თქმით, აპოელ-თან დაპირისპირებამდე გუნდს ლაზარეთში მხოლოდ კაპიტანი ნიკა გაგნიძე შემორჩა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გამართული ევრო 2023-ის შემდეგ მკურნალობს.

ტელერეპორტაჟი

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასა“ და ნიქოზიის აპოელ-ის შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები

მატჩის ბილეთები TKT.GE-ზე და ,,დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი კი 5 ლარია.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილას“ მეტოქე „გენტი“/„პოგონის“ წყვილში გამარჯვებული იქნება. პლეი ოფის პირველი მატჩები – 24 აგვისტოს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 31 აგვისტოს გაიმართება.