კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | „დილა“ უკრაინულ „ვორსკლასთან“ სტუმრად ბოლო წამებზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.

პოლონეთის ქალაქ ტიხიში გამართულ შეხვედრაში პირველი საგოლე მომენტი უკრაინელებმა შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა უკვე „დილას“ შეეძლო – ტიერი გეილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ მიკოლა კოვტალიუკი აღმოჩნდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა და შესანიშნავი შანსი გაანიავა.

თუმცა, უკრაინელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში თავისი შანსით ისარგებლა. 57-ე წუთზე „დილამ“ მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და კოვტალიუკმა ახლოდან ზუსტი დაარტყმით გორელები დააწინაურა.

73-ე წუთზე უკრაინელებმა „დილას“ დაცვის შეცდომით ისარგებლეს. გორელების კარი ფელიპე როდრიგესმა აიღო, 90+3-ე წუთზე კი იბრაჰიმ კანემ მეორე გოლიც გაიტანა და „ვორსკლამ“ 2:1 მოიგო.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას გორში 3 აგვისტოს გაიმართება.