კონფერენს ლიგის მატჩი დროულად ვერ განახლდა - „ბურჯანაძე არენაზე“ ელექტროენერგიის სისტემა ისევ დაზიანდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მატჩი დროულად ვერ განახლდა - „ბურჯანაძე არენაზე“ ელექტროენერგიის სისტემა ისევ დაზიანდა #1TVSPORT

„საბურთალოსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის მატჩის მეორე ტაიმი თითქმის 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო – მიზეზი სტადიონზე ელექტროენერგიის სისტემის დაზიანება აღმოჩნდა.

მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც მსგავსი პრობლემა ბოლო დროს პირველად არ დაფიქსირდა. ასე მოხდა ეროვნული ლიგის ტურში გორის „დილას“ მატჩის დროს, ასევე ერთი თვის წინ, 3 ივნისს, საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრისას.

ჯერჯერობით, მომხდარზე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. მაგრამ არსებული პრობლემის მოგვარების გარეშე, შესაძლოა, გორის სტადიონზე საერთაშორისო მატჩის ჩატარება აკრძალონ.

ამ დროს, „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტია, სადაც ასაკობრივი და ქალთა ნაკრებები ინტენსიურად თამაშობენ, 14 ივლისს კი გორის „დილა“ ფინურ „კუპსს“ განმეორებით მატჩში მიიღებს.